ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანის ფარგლებში პოსტერების სერია შეიქმნა

თარიღი: 16 ივნისი 2017
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! −  იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

ვიდეორგოლები ძალადობის წინააღმდეგ, შეხვედრები უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის − ამ ღონისძიებებს დღეს კიდევ ერთი შეემატა − იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ძალადობის თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსი შეაჯამა და გამარჯვებული გამოავლინა. საუკეთესო პოსტერად  კომპანია „Betterfly“-ს (ბეთერფლაი) პოსტერი დასახელდა, მეორე და მესამე ადგილები კომპანიების −  „Windfor’s“-ისა (ვინდფორსი) და  „Marmelads“-ის (მარმელადსის) პოსტერებმა დაიკავა. 

პოსტერების კონკურსის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 3 თებერვალს −  ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების დღეს − განაცხადა; უშუალოდ კონკურსი კი 17-25 მაისს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის  (ACAG) ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 13-მა სააგენტომ მიღო (ABK, Windfor’s, Elliot Webber, Gepra, Holmes&Watson, Leavingstone, Marmelads, McCann Tbilisi, Live Branding, Betterfly, Saatchi&Saatchi, W-forte, Branding.ge). ერთი კვირის განმავლობაში სააგენტოებს უნდა დაემზადებინათ პოსტერები ძალადობის წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ნამუშევარი ეროვნულ არქივს გადაეცემა შესანახად, გარდა ამისა კამპანიის ფარგლებში აღნიშნული პოსტერები აქტიურად იქნება გამოყენებული.

ქალთა უფლებების თემაზე 1928 წელს შექმნილი პლაკატები დღესაც ინახება არქივში და თანამედროვე მნახველს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავდნენ ქალთა უფლებებს საქართველოში თითქმის საუკუნის წინ. პლაკატები მცირეწლოვანთა ქორწინების, ყალიმის − საცოლის საფასურის გადახდის, საქონლის სადგომში მშობიარობის წინააღმდეგაა მიმართული. „ნუ გაქვავდები!“ „იმოქმედე!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ „შეაჩერე ძალადობა!“ „შენი სიჩუმე  მოძალადის იარაღია!“ − ასეთია თანამედროვე პოსტერების მთავარი გზავნილი. ამ ნამუშევრების შედარებისას ნათელი ხდება, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის საუკუნის განმავლობაში, როგორ ხედავდა და ხედავს ქართველი საზოგადოება ქალთა უფლებებსა და თანასწორობის  საკითხებს.

პოსტერების კონკურსი სოციალური კამპანია „იმოქმედეს“ ერთ-ერთი კომპონენტია. კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება; საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. გაიმართება შეხვედრები  საქართველოს უნივერსიტეტებში,  საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი 2500 მსმენელი დაესწრება.  სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც.
იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.