ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

თარიღი: 04 მაისი 2017
პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული პაკეტით ცვლილება შევიდა 24-მდე კანონში. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
  • კანონი დაიცავს ყველა ქალს
ცვლილებები შევიდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  აქამდე მოქმედი რედაქცია არეგულირედა მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში.
  • შემაკავებელ ორდერი ძალაში შევა მაშინათვე, როცა მას პოლიციელი გამოსცემს
შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის გაუქმდა მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი აქამდე მოქმედი კანონმდებლობით ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ჰქონდა უფლება, ესარგებლა უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნისას ეძლეოდა 30-დღიანი შვებულება, ამიერიდან ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც.
  • ახალი მუხლი - გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაცია
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
  • ახალი ცნება - ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება იქნება
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება იქნება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.
  • მასწავლებელი და მანდატური ვალდებული არიან შესაძლო ძალადობის შესახებ აცნობონ
გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრა საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი არიან  სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე.
  • იძულებითი სტერილიზაცია დასჯადი გახდა
აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი გახდა იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები
ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.
  • მსხვერპლს დროულად ეცოდინება მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ
ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული გახდა, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.
 
  • იარაღის ტარების შეზღუდვა
ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, მათ შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
  • იზრდება დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი
გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
პაკეტის მიღების შემდეგ ქალთა უფლებებს საქართველოში  კანონი ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაიცავს. ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა  სტამბულის კონვენციასთან. სტამბულის კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.