ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა ხელი შეუწყო ელექტრონული მმართველობის განვითარებას საქართველოში

თარიღი: 08 ივნისი 2017
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ 7 ივნისს ევროკავშირთან დაძმობილების (TWINNING) პროექტის − „ელ-მმართველობის განვითარება საქართველში II“  − დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა.

ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ. დამსწრეებს  სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროექტის წარმომადგენლებმა ჰანნეს ასტოკმა და ვიტორიო ვალერომ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან მიახლოებაში გადამწყვეტი ნაბიჯია საქართველოს წინსვლისა და ევროპაში ინტეგრაციისთვის.

პროექტი 2016 წელს დაიწყო და 21 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების დაძმობილების პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა 1,3 მილიონი ევროთი. პროექტს ხელმძღვანელობდა ესტონეთის ელ-მმართველობის აკადემია ესტონეთის მთავრობასა და იტალიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონსორციუმ CSI-პიემონტესთან თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში 52-მა ექსპერტმა ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ოფიციალურ პირებს გაუწია კონსულტაცია. ესტონეთისა და იტალიის ექსპერტებმა ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის და ლატვიის სპეციალისტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა ესტონეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში სხვადასხვა სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლებმა გაიარეს მარკეტინგის კურსები ელექტრონული მმართველობის წარდგენის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

ელექტრონული მმართველობის პოტენციალის საჯარო ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროპელი ექსპერტების მიერ, ასევე, ჩატარდა 2 გასვლითი სემინარი სხვადასხვა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების რიგ საკითხებში.