სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის შესახებ კანონი იქმნება

თარიღი: 07 ივნისი 2017
სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად, ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოსაგვარებლად მედიაციის კანონი იქმნება. დღეისათვის, ცალკე კანონი მედიაციის შესახებ არ არსებობს და ამ ინსტიტუტს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლი არეგულირებს. იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად,  მედიაციის შესახებ ცალკე კანონს მოიცავს, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. სხდომას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

კანონი მედიაციის შესახებ მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შესაქმნელად მომზადდა. მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით მოაგვარონ სადავო საკითხები. მისი დანერგვა ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას საფრთხეს უქმნის.

კანონი მედიაციის შესახებ  განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს; მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს; მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს; მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც. მისი მიზანი მედიაციის წახალისების პროცესში სასამართლოს როლის გაძლიერებაა. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ  მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.

გარდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა, მედიაციის განვითარება მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოებს და დაზოგავს  სახელმწიფო სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში ობიექტური მიზეზები უშლის ხელს.  კერძოდ:
  • მედიაციის შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და მედიაციის შესახებ ცალკე კანონის არარსებობა;
  • მედიაციის არაპოპულარობა და მის მიმართ უნდობლობა, რაც დიდწილად, ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონითაც არის განპირობებული;
  • მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე და ცნობიერების ამაღლების კამპანიის უქონლობა;
  • მედიატორთა კადრების ნაკლებობა − სერტიფიცირებული მედიატორების სიმცირე, სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობადი განათლების არარსებობა;
  • მედიაციის უპირატესობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა, როგორებიცაა: კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა; სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა სასამართლო პროცესთან შედარებით მცირე დროში და მცირე დანახარჯებით; სარჩელის აღძვრამდე სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.
  • მედიატორთა ეთიკის სტანდარტის არარსებობა;
  • მედიატორთა  პასუხისმგებლობისა და სანქციების გამართული სისტემის არარსებობა.
საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4Justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის, „USAID/PROLoG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით  შეიმუშავა. მომზადებული კანონპროექტები სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია.