თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის ეფექტიანობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

თარიღი: 06 ივნისი 2017
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის ეფექტიანობას და იმპლემენტაციას ეძღვნება. კონფერენციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამსახურის ბიუროსა და პარტნიორებთან ერთად სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ უმასპინძლა.

როგორც კონფერენციაზე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რისკის მქონე პირების ელექტრონული დეკლარაციების სისწორეს საჯარო სამსახურის ბიუროს გადაამოწმებს. „გარდა ამისა, ელექტრონული დეკლარაციების სისწორის გადამოწმება პირის განცხადების საფუძველზეც მოხდება. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები არა მხოლოდ საჯარო იქნება, არამედ იგი საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან რეგულარულ შემოწმებასაც დაექვემდებარება“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობენ „OECD“-ის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი 30 ქვეყნიდან.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული საბჭო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), საჯარო სამსახურის ასტანის რეგიონული ჰაბი და რეგიონული ანტიკორუფციული ინიციატივა (RAI).

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასება“ ხვალ დასრულდება.