ქართულ რეფორმებს შვეიცარიული პროგრამის მონაწილეები ეცნობიან

თარიღი: 24 მაისი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე შვეიცარიული პროგრამის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. გოჩა ლორთქიფანიძემ მათ ჩვენს ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივ, აგრეთვე, სახელმწიფო სერვისების მიწოდების  სფეროებში გატარებულ რეფორმებზე.  

შვეიცარიული პროგრამა „Mercator Fellowship on International Affairs - Fellows 2016/2017“-ის მონაწილეები საქართველოში 10-დღიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, რომლებიც თეორიული სწავლების კურსს გადიან და პრაქტიკაში ეცნობიან სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებას რეფორმირებისა და განვითარების კუთხით. წელს სტუდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩევანი ქართული რეფორმების გაცნობაზე გაკეთდა.