იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო

თარიღი: 24 მაისი 2017
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი, ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები. ქართული მხრიდან შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით არსებულ სამომავლო გამოწვევებზე. იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარებს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიც გააცნო.

დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ომბუდსმენთან,  საკანონმდებლო  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ორდღიანია და ის ხვალ სრულდება.