საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის დელეგაცია მიიღო

თარიღი: 22 მაისი 2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სკოტ ბასბის შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას, რომელსაც ბასბი ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე, აგრეთვე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ.  

იუსტიციის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას საქართველოში სამართლებრივ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით ქვეყნის მიღწევებს, სასამართლოს სისტემის რეფორმის მესამე ტალღას, სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხს, რაც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული, რაც საშულებას იძლევა, ღია მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოების ყველაზე ფართო ფენების ჩართულობით შემუშავდეს.

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში.