იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობს

თარიღი: 22 მაისი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე პროექტის − „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ − პრეზენტაციაში მონაწილეობს. ალექსანდრე ბარამიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავება, ეფექტიანი იმპლემენტაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, რომლის მოთხოვნებიც საქართველომ სრულად დააკმაყოფილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას ნარკომანიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია და 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება.

ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც გამორიცხავს მარიხუანისა და მცენარე კანაფის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას და ამცირებს ჯარიმის ოდენობას.

მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე. მისი თქმით, უკვე შემუშავდა ცენტრის დებულების პროექტი, სტრუქტურა და ცენტრის წევრთა არჩევის წესი, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომაზე  უახლოეს მომავალში განიხილება.

პროექტი „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ოთხწლიანია და მისი ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მოიცავს სამართალდამცავ ორგანოთა გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტებს. პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის კონტრაქტორ ორგანიზაციასა და საბჭოს წევრი უწყებების თანამშრომლობას.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.