ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება - შეხვედრა გორის უნივერსიტეტში

თარიღი: 05 მაისი 2017
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირების კამპანია გრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები სტუდენტურ წრეებთან დაიწყო. გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში  ავტორიზებულ უნივერსიტეტებს ესტუმრება და ახალგაზრდებს ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. პირველი ასეთი შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა დიდი ნაწილი 2008 წლის ომის დროს დაზარალებული ოჯახებიდანაა.
გოჩა ლორთქიფანიძე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  არსსა და მისი განსჯადობის სფეროს შესახებ ესაუბრა, მიაწოდა მათ ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, ჰააგის საერთაშორისო გამოძიების სავარაუდო ვადებსა და შედეგებზე.  საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ძამაშვილმა კი განმარტა, თუ რა განსხვავებაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოების განსჯადობის სფეროებს, აგრეთვე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს  განსჯად საქმეებს შორის.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი   საქმეზე გამოძიების დასაწყებად  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
 
  • სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;
  • გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;
  • გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;
  • ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;
  • გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.
 
ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.