იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა

თარიღი: 03 მაისი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდა. გოჩა ლორთქიფანიძე ახალგაზრდებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ესაუბრა, რომელიც 2014-2020 წლებს მოიცავს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა, 2014 წელს კი ის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

გოჩა ლორთქიფანიძემ მომავალ იურისტებს განუმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გატარება სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში. 

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში იურისტების როლზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობაზე მათ პროფესიულ საქმიანობაში.

საჯარო შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

ღონისძიება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.