საქართველოს იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობა − აზერბაიჯანის“ არასამთავრობო ორგანიზაციათა პლატფორმას შეხვდა

თარიღი: 12 თებერვალი 2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია. ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს „OGP“-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დაბრუნებაში.
 
თეა წულუკიანმა დღეს შეხვედრა გამართა ღია მმართველობის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის პლატფორმასთან, რომელიც აზერბაიჯანში მოქმედ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს აერთიანებს.  შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანთან დაკავშირებით „OGP“-ში მიმდინარე პროცესები და ვადები, რომლებშიც ახალი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.
 
თავის გამოსვლაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც აზერბაიჯანს სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის  აღდგენაში დაეხმარება. ამასთან, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მუშაობის სისტემა და მექანიზმები, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად ითვლება.
 
„მთავრობებს დიდი პასუხისმგებლობები გვაქვს, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს თუ გავიხსენებთ. ასევე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, ერთი მხრივ, ვიმუშაოთ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის,  და, მეორე მხრივ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ეს არ არის ადვილი, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა სწორედ ამ ჭრილში უნდა მიიღოს ქვეყნის უკეთესად მართვაში მონაწილეობა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით გუშინ დაიწყო. თეა წულუკიანი ბაქოს აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღიდგინოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების  გადაწყვეტილება შარშან  კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
 
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება შეიცვალოს და „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონი სრულფასოვნად წარმოადგინონ.  იუსტიციის მინისტრის გარდა, თეა წულუკიანმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებთან.
 
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს.
 
ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.