აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პროცესის წარმატებით დასრულებას ულოცავს

თარიღი: 11 თებერვალი 2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ  მამედიაროვს შეხვდა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც აზერბაიჯანმა შესაძლოა, გაატაროს  „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დასაბრუნებლად. აღნიშნულ პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანულ მხარეს სრულ თანადგომას აღუთქვამს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან  კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. ელმარ მამედიაროვმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. „აზერბაიჯანი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ამ წარმატებას“,  − განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.