იუსტიციის მინისტრი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

თარიღი: 07 თებერვალი 2017
იუსტიციის სამინისტროს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა. თეა წულუკიანი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ანდერს იგემანს შეხვდა. შეხვედრას შვედეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

„ბატონი იგემანი საქართველოს ეწვია სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ საქართველოსთან მიმართებით, და მან აღნიშნა იმ საუკეთესო თანამშრომლობის შესახებ,  რომელიც აქვს მის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებს ჩვენი ქვეყნის სამინისტროებთან; პირველ რიგში, იმ სამინისტროებთან, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ − შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, სასაზღვრო სტრუქტურები და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მართავს უსაფრთხო დოკუმენტების სისტემას ჩვენს ქვეყანაში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო: „ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ჩვენი მოქალაქეების მიერ შვედეთში ჩადენილი დანაშაული იქნეს რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთილი და ასეთი მოქალაქეები დავაბრუნოთ ხოლმე საქართველოში რაც შეიძლება მალე, იმისთვის, რომ სხვა კანონმორჩილ მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი უხერხულობა, როდესაც ისინი უვიზოდ  იმოგზაურებენ ევროპულ სივრცეში“.

მხარეებმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა შვედ მინისტრს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლისათვის განახორციელა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ერთდღიანია. თეა წულუკიანის გარდა, ანდერს იგემანი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგა გიორგი მღებრიშვილს.