იუსტიციის სამინისტროში შშმ პირების უფლებების საკანონმდებლო დონეზე დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 23 დეკემბერი 2016
იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესებაზე იმსჯელა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ სამუშაო ჯგუფის წევრების − შშმ პირების უფლებების დამცველი  ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინეს, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეროვნული კანონმდებლობით უკეთესად იყოს დაცული  შშმ პირთა უფლებები. ამ მიზნით იგეგმება  საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება, რომელსაც ჯგუფის წევრები სამთავრობო უწყებებთან ერთად ერთობლივად მოამზადებენ, რის შემდეგაც პროექტი ფართო კონსულტაციებისათვის წარედგინება ყველა შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას თუ ექსპერტს. კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე პარლამენტის დეპუტატები, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
 
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები;  აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გაერთიანებები: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ყრუთა კავშირი, უსინათლოთა კავშირი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების გაერთიანება და სხვ.
 
იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ჯამში, 25 შშმ  პირი მუშაობს. სამინისტროსა და მისი სამსახურების ადმინისტრაციულ შენობათა უმრავლესობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ეს მათ საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ და ისარგებლონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საოფისე ინვენტარით.  შშმ პირები სამინისტროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტითაც სარგებლობენ.