სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ პროკურატურის განვითარების სტრატეგიის, პროკურორთა ეთიკის კოდექსისა და პროკურორთა შეფასების სისტემის პროექტების გარშემო იმსჯელა

თარიღი: 16 დეკემბერი 2016
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი და პროკურორთა შეფასების სისტემის დოკუმენტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ წარადგინა.
 
2015 წელს პროკურატურის რეფორმირების შემდეგ პროკურატურის სტრატეგიის, პროკურორების შეფასების სისტემისა და ეთიკის კოდექსის მიღება კიდევ ერთი ნაბიჯია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. წინა რეფორმაც სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში მომზადდა, რომლის შედეგადაც:
 
  • საქართველოში შემოღებულ იქნა მთავარი პროკურორის დანიშვნის v ახალი, ღია და გამჭვირვალე პროცედურა. ასევე, შემოღებულ იქნა ახალი ინსტიტუტები − პროკურორთა კონფერენცია, საპროკურორო საბჭო, საგანგებო (ad hoc) პროკურორი;
  • კანონმდებლობით განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორისა და საგანგებო (ad hoc) პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი თითოეული კანდიდატურა;
  • დადგენილ იქნა, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობაზე აირჩევა ერთი 6-წლიანი ვადით, ხელმეორედ არჩევის უფლების გარეშე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 23-ე სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.