იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი მულტიდისციპლინური ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობს

თარიღი: 16 დეკემბერი 2016
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს. ჯგუფი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროგრამა „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გაძლიერების“ ხელშეწყობით შეიქმნა და მისი მიზანი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაა. ის სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება.
 
იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრა იმ ვითარების ამსახველი პრეზენტაციით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში იქმნება წინასასამართლო, სასამართლო და სასჯელის შეფარდების შემდგომ ეტაპებზე. პრეზენტაციებზე ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც არასრულწლოვანთა კოდექსი ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში ამკვიდრებს, იმსჯელა იმ გამოწვევევებზე, რაც კოდექსის იმპლემენტაციის დროს გამოვლინდა და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმა.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ პირველი სპეციალიზებული სისტემაა საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის. ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საუკეთესო მექანიზმადაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კოდექსი ეხება ყველა არასრულწლოვანს, მიუხედავად იმისა, იქნება ის ბრალდებული, დაზარალებული თუ მოწმე სისხლის სამართლის პროცესში, და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ბავშვის ინტერესების პრიორიტეტულობა; საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში; ნასამართლობის მოხსნა სასჯელის მოხდისთანავე; მართლმსაჯულების საქმეებში მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, ადვოკატებისა და სხვა პროფესიონალების მონაწილეობა; მშობლის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა თუ პედაგოგის ჩართულობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის − წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები.