კონფერენცია თემაზე: „სამოხელეო დანაშაული − თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დასჯადი ქმედებები და მათი გამოძიება“

თარიღი: 15 დეკემბერი 2016
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნას დაესწრო. მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიების მონაწილეებს − უცხოელ და ქართველ ექსპერტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კონფერენციის თემა თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დასჯადი ქმედებები და მათი გამოძიებაა. მისი მონაწილეები სამოხელეო დანაშაულის გამოძიების კუთხით გერმანიის გამოცდილებას გაეცნენ და ქართული პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს; განიხილეს, თუ როგორ არეგულირებს კანონი სამოხელეო დანაშაულს საქართველოსა და გერმანიაში, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი გამოძიება, როგორი მიდგომები გამოიყენება გერმანიაში ლეგიტიმური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პოლიტიკური დევნის გამიჯვნისთვის, როგორია ქართული პრაქტიკა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ვოლფ-ტილმან ბაუმერტი − პროკურორი, ეკონომიკური დანაშაულების განყოფილების ხელმძღვანელი, ვუპერტალის პროკურატურის პრესსპიკერი; ბაჩანა ჯიშკარიანი − სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; შთეფენ დობერთი − საზოგადოება „ZEIT ONLINE“-ის პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი.

კონფერენცია გერმანიის სამართლებრივი განვითარების ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ტარდება.