ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

თარიღი: 15 დეკემბერი 2016
მოქალაქეების ურთიერთობა სახელმწიფოსთან კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი ხდება. დღეს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერისათვის იურიდიული ძალის მინიჭებასა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის კვალიფიციური ელექტრონული მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას  მატერიალური ხელმოწერის იურიდიული ძალა ენიჭება. ელექტრონული დოკუმენტებისა და ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.  საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა გამარტივდება, რადგან ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა (თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი).

საკანონმდებლო სიახლე იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც მრავალი მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით მიღებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორში არსებული სერვისების ეფექტიანად გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა  ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის განვითარებას.

ელექტრონულ სივრცეში დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენება, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როდის შეიქმნა კონკრეტული დოკუმენტი. სწორედ ამ საკითხის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კვალიფიციური დროის შტამპით.
აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ელექტრონული დოკუმენტებისა და, კერძოდ, ელექტრონულად დაბადებული დოკუმენტების (დოკუმენტები, რომლებიც არასდროს ყოფილა წარმოდგენილი ქაღალდის სახით) შექმნას. მათი სათანადო შენახვისა და შესაბამისი მოვლისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ უკვე მუშაობს ელექტრონული არქივის პროექტზე.

ელექტრონული დოკუმენტისა და  ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების სფეროს გაფართოების საშუალებას ის პოზიტიური გამოცდილება იძლევა, რაც საქართველოს ელექტრონული მმართველობის მიმართულებით აქვს,  კერძოდ:
  • 2012 წლიდან მუშაობს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მოქალაქის პორტალი − www.my.gov.ge, სადაც მომხმარებელს 100-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების ელექტრონულად მიღება შეუძლია;
  • ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მთავრობების ღიაობას მსოფლიოში, საქართველო იკავებს პირველ ადგილს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის;
  • 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო მიმდინარე წელს დაიკავა თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნის პოზიცია. საქართველო ღია მმართველობის ინიციატივაში სამაგალითოა საკანონმდებლო და სასამართლო შტოების აქტიური მონაწილეობით; დემოკრატიის, მთავრობისადმი ნდობის ამაღლებისა და საქმიანობის გამჭვირვალობისკენ მიმართული რეფორმებით.