საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „OGP“-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ისაუბრა

თარიღი: 09 დეკემბერი 2016
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (Organisation for Economic Co-operation and Development − OECD) მინისტერიალს უმასპინძლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაღალი რანგის დელეგაციის ხელმძღვანელებს „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის წარმატებული მოდელი გააცნო.

თეა წულუკიანმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ საკითხზე, თუ როგორ ხდება საქართველოში ეროვნულ დონეზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხარდაჭერა; კერძოდ, „OGP“-ის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი შესრულების მონიტორინგის მიზნით საქართველოში შექმნილია საკოორდინაციო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომელიც პარტნიორობის წევრი ქვეყნებისათვის სამაგალითო მოდელადაა აღიარებული. ფორუმის ფარგლებში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისების წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. მათი ერთობლივი მუშაობით განისაზღვრება ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევამაც უნდა განაპირობოს  ქვეყნის მიერ მთავრობისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ღიაობა, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო სერვისების უკეთ მართვა. ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი წარმატებული მუშაობის მაგალითია. „ღია მმართველობა − საქართვლოს“ ფორუმი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე ღია შეხვედრებს მართავს საქართველოს რეგიონებში, რათა სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა და სხვადასხვა სოციალური ფენის ინტერესები და პრიორიტეტები სრულად აისახოს „ОGP“-საქართველოს ეროვნულ გეგმაში და შემუშავებული დოკუმენტი ყველა იმ გამოწვევას ასახავდეს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა საჯარო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების კუთხითაც. გაიმართა მსჯელობა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის შესახებ. თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქებისა და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრები მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ისეთივე კომფორტული უნდა იყოს, როგორიც დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის და ამ მიზნით მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაიონებსა და სოფლებში 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებაში „OGP“-ისა და „OECD“-ის  ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა დაუჭირონ სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებმა მხარი ღია მმართველობის პარტნიორობას ეროვნულ დონეზე; საუბარი შეეხო „OGP“-ის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას. ღონისძიებაზე იმსჯელეს ღია მმართველობის იმ ძირითად მიმართულებებზეც, რომელთაც საზოგადოებაზე უშუალო გავლენა აქვს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.

საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.