იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის ფარგლებში მაღალი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობას აგრძელებს

თარიღი: 08 დეკემბერი 2016
იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის ფარგლებში მაღალი რანგის ღონისძიებებში მონაწილეობას აგრძელებს.  თეა წულუკიანი ამჯერად მომხსენებელი იყო შეხვედრაზე, რომელიც ღია მმართველობის რეფორმების კოორდინაციასა და სწორ მართვას ეხებოდა. ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა საქართველოს წარმატებული მაგალითის გათვალისწინებით ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პროცესების მართვის შესახებ უამბო.
 
საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვასა და ღია მმართველობის გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივ მონიტორინგს. სწორედ ამ ყველაფრის შესახებ ისაუბრა მინისტრმა და დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარა.
 
OGP“-ის გლობალური სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.
 
ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.
 
ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.
 
საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.