იუსტიციის სამინისტრომ GRECO-ს პლენარულ სხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში წარადგინა

თარიღი: 30 ნოემბერი 2016
2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 74-ე პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილება GRECO-ს სამდივნოს მიერ მომზადებული საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის  ანგარიში, რომელიც პარლამენტში, სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს ეხება. პლენარულ სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ სანიკიძის ხელმძღვანელობით.

2016 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში, GRECO-ს ექსპერტთა ვიზიტს მასპინძლობდა. აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე მომზადებული ანგარიში GRECO-მ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) ოქტომბერში მოაწოდა, რომელზედაც შენიშვნები და კომენტარები სამდივნოსა და პასუხისმგებელი უწყებების მიერ მომზადდა.