26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

თარიღი: 25 მაისი 2016
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება  უფასო იქნება. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.  

იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 17 წლის ასაკიდან. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც. 

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 800 000-ზე მეტმა ადამიანმა პირადობის მოწმობა  უფასოდ მიიღო.

2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

მინისტრმა ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში გამართა და მას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.

ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.