დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე დაბადებულებს სპეციალური დაბადების მოწმობები გადაეცემათ

თარიღი: 25 მაისი 2016
26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი საიუბილეოდ აღინიშნება. ყველა ახალშობილს, ვინც 26 მაისს დაიბადება, სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემა.
 
ახალშობილის დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.
 
აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.