ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

თარიღი: 26 აპრილი 2016
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა,  რეზოლუცია მიიღო.  

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.  

„კომიტეტი მიესალმება  სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმის კუთხით“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ასევე, კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის  მიღებას, ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის განხორციელებას და  დადებითად შეაფასა  შრომის ახალი კოდექსის მიღება.

როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს  საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში 25-26 აპრილს გაიმართა.
 
 
25 აპრილს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე.

„ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა ქართველ ხალხს, ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი ვართ ერთიანი იმაში, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია და ინსტრუმენტები ამ არჩევანის რეალიზებისთვის, სხვებს შორის, ასოცირების შეთანხმებაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც მინისტრმა გამოსვლისას ისაუბრა. 

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა რეზოლუციის ტექსტს დღეს უყარა კენჭი.