თეა წულუკიანი: „ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია და ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ“

თარიღი: 26 აპრილი 2016
იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. აღნიშნული საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

„კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი; ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტების წინაშე. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა. კომიტეტის სხდომა იუსტიციის მინისტრმა შეაფასა.