ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი ანგარიშით წარდგა

თარიღი: 26 აპრილი 2016
იუსტიციის მინისტრი დღეს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანის მოხსენება „დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია საქართველოში“ აერთიანებდა იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გატარდა; მათ შორის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და სხვა.

„ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა ქართველ ხალხს, ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი ვართ ერთიანი იმაში, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია და ინსტრუმენტები ამ არჩევანის რეალიზებისთვის სხვებს შორის ასოცირების შეთანხმებაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომიტეტის ორდღიანი სხდომა რეზოლუციით დასრულდება. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.

„კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმის კუთხით“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასევე, კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას, ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის განხორციელებას და დადებითად შეაფასა შრომის ახალი კოდექსის მიღება. როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში 25-26 აპრილს გაიმართა.