იუსტიციის მინისტრი სოფიის კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

თარიღი: 20 აპრილი 2016
ბულგარეთის დედაქალაქი ხვალ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე იმსჯელებენ.

თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები.

კონფერენცია „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ 21 აპრილს გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები − ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ; იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა ბულგარეთის იუსტიციის მინისტრთან.
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.