თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო

თარიღი: 31 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დელეგაციას ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა ხელმძღვანელობს.  შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში შესრულებული იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დახურვა. იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარებს დეტალურად განუმარტა, თუ რა სამუშაოები შეასრულეს ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ-ებმა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული.  

„ევროპარლამენტის დეპუტაციასთან, რომელიც არა მხოლოდ მემარჯვენეების, არამედ მწვანეთა პარტიის წარმომადგენლით იყო ჩამობრძანებული, განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელზე კენჭისყრასაც და კანონად ქცევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე იმ ევროინტეგრაციის პროცესისთვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ, რა თქმა უნდა,  კითხვა დაისვა ამასთან  დაკავშირებითაც − როდის შეძლებს მთავრობა,  დაიწყოს უკვე ძალაში შესული კანონის იმპლემენტაციაზე მუშაობა. ასევე, საუბარი იყო პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაზე, რომელიც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში, და ის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აქტიურად და რეალურად 24 საათი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ეთმობა დაკითხვებს, გამოკითხვებს და იმის კვლევას, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს გამომქვეყნებლის კვალმა. ამ მხრივ ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს. მივიღეთ რჩევა, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო  გავშალოთ და გავაორმაგოთ, და ამ რჩევებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“, − აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა.   

ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში 29 მარტს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობას, ომბუდსმენს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და პრემიერ-მინისტრს.
დელეგაციის ვიზიტი 1 აპრილს სრულდება.