ელექტრონული მმართველობის ხელშემწყობი სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხებზე სემინარი იმართება

თარიღი: 10 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივითა და მონაწილეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მუშაობა დაიწყო ორდღიანმა სემინარმა, რომელიც საქართველოში ელექტრონული მმართველობის ხელშემწყობი სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხებს ეძღვნება.

„ჩვენ დღეს ჩვენს დეპუტატებთან, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ევროკავშირიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ, როგორ უნდა გადავიდეთ ეტაპობრივად და, სასურველია, საკმაოდ სწრაფად ისეთ სისტემაზე, რომელიც გულისხმობს ყველა საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, რომ ის სერვისები, რომელთაც ისინი გასცემენ მოქალაქეებსა და ბიზნესზე, ხელმისაწვდომი სავალდებულოდ იყოს ელექტრონულადაც“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ასევე მნიშვნელოვანია ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის თემაც, რომელიც გააადვილებს საჯარო დაწესებულებებსა და ბიზნესს შორის ურთიერთობას. იუსტიციის მინისტრის თქმით, „ძალიან ბევრი ბიზნესმენი ამას მიესალმება და ელოდება“.
„ამ სიახლეების დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ცვლილებათა პაკეტების გარშემო დღეს დაიწყება საჯარო დისკუსია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სემინარი იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და  ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით იმართება.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.