თეა წულუკიანმა 8 მარტი ყოფილ პატიმარ ქალს მიულოცა

თარიღი: 08 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა დღესთან დაკავშირებით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარს, ყოფილ პატიმარ ქალს ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა.
მანანა შონია იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებულია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში დატოვა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად. გათავისუფლების შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩაერთო, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.

მანანა შონიამ ისარგებლა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრის ემოციური მდგომარეობა; წარმატებით დაასრულა სოციალური უნარების განვითარების ტრენინგკურსი. ბენეფიციარს თბილისის მერიისგან გადაეცა  საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ბარათი.

მანანა შონიამ  მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, წარადგინა ბიზნესიდეა, მოიპოვა გამარჯვება და დღეს მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მანანა შონია ქსოვს, კერავს, ქარგავს, ამზადებს სხვადასხვა აქსესუარს. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მან 3 საკერავი მანქანა შეიძინა. მისმა ნამუშევრებმა თურქეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა.  

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც.