იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მშობელთა სკოლის“ მონაწილეებს 8 მარტი მიულოცა

თარიღი: 08 მარტი 2016
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაციის სახლში მიმდინარე პროექტის − „მშობელთა სკოლის“, მონაწილეებს შეხვდა და ქალთა დღე მიულოცა. პროექტში გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სირთულეების მქონე არასრულწლოვანთა დედები მონაწილეობენ. ტრენინგების ფარგლებში მშობლები  იმ აკადემიური და სოციალური პრობლემების შესახებ მსჯელობენ, რაც მათ  შვილებს აწუხებთ.
„მშობელთა სკოლა“  იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია მშობელთა გაძლიერებაზე. პროექტი 5 სესიისგან შედგება.  ტრენინგის ფარგლებში მშობლები ეცნობიან ბავშვის აღზრდის ფორმებს, შვილთან შესაძლო კონფლიქტების მოგვარების მეთოდებსა და საკანონმდებლო რეგულაციებს. სესიები დატვირთულია დისკუსიებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით, რომელთა საშუალებითაც პროექტის მონაწილეები შეძლებენ მშობლის უნარების გაუმჯობესებას, შვილის ემოციებისა და გრძნობების უკეთ გაგებას და მათ მხარდაჭერას. თითოეულ ჯგუფურ სესიაზე განიხილება სხვადასხვა მაგალითი და სავარჯიშო, რომლების თემებიცაა მოზარდთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების განსაზღვრა, მშობლის პასუხისმგებლობის გააზრება, შვილის გრძნობებისა და ემოციების დანახვაში მხარდაჭერა,  მშობლის უფლებების გაანალიზება.
მედიაციის სახლი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე 2014  წლიდან ფუნქციონირებს. მედიაციის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობაა. ამ მიზნით ცენტრი დანაშაულის ჩადენის რისკჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.