იუსტიციის მინისტრმა პირველი რესპუბლიკის თემაზე ზუგდიდში გამოფენა გახსნა

თარიღი: 07 მარტი 2016
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში დღეს გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამ გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი. 

გამოფენა 2015 წლის 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იყო წარმოდგენილი, 6-20 ნოემბერს ექსპოზიციას თელავის რეგიონულმა არქივმა, 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე კი - ქუთაისის „თიბისი გალერეამ“, 16-25 დეკემბერს კი - ბათუმის „თიბისი გალერეამ უმასპინძლა.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.)

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლით ადრე გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს − დამფუძნებელი კრების − არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა პროგრესული სამართლებრივი აქტი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 

სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში დროებით დამარცხდა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. 

ზუგდიდის იუსტიციის სახლში გამოფენა 25 მარტამდე გაგრძელდება. დამთვალიერებლები გაეცნობიან დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს.  გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი.