იუსტიციის მინისტრის გამოსვლა მოსამართლეების წინაშე: „მაინტერესებს თქვენი აზრი − კი, თუ არა; მოგვყვებით, თუ არა ჩვენ რეფორმის გზაზე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის?!.“

თარიღი: 02 თებერვალი 2016
იუსტიციის მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა გამოსვლისას განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო და ეს რეფორმა გრძელდება:

„ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო, მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის  ავტორები ვართ, მეოთხე წელია. მთავრობის სახელით გვინდა, გითხრათ, რომ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა გაგრძელდება. ამაში ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა მმართველი კოალიციისა და დეპუტატების. შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ პირველი და მეორე ტალღის შემდეგ რეფორმის მესამე ტალღა უნდა გაგრძელდეს და ამ კვირაშივე  პარლამენტში გავაგრძელოთ მისი განხილვა, რათა თვის ბოლომდე იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შემუშავებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა იქცეს კანონად“. 
 
თეა წულუკიანის განცხადებით, რეფორმა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებას ემსახურება.

„ეს რეფორმა თქვენთვის კეთდება, ეს არ კეთდება ჩემთვის და მთავრობისთვის. მისი იდეა იუსტიციის სამინისტროში 2013 წლის დეკემბერში გაჩნდა. მას შემდეგ, თითქმის  ყოველ კვირას, მე მქონდა კონსულტაციები ბატონ კუბლაშვილთან. იყო სირთულეები, რადგან ის სკეპტიკურად უყურებდა ჩემი და ჩემი მოადგილის, სანდრო ბარამიძის, იდეას  საქმეთა ელექტრონული განაწილების შესახებ; ბევრ სხვა იმ ელემენტს ამ რეფორმისა, რომლებიც ემსახურებოდა თქვენი, ინდივიდუალური მოსამართლის, გაძლიერებას.  ის, ყოფილი ხელმძღვანელი, პრინციპში, ამის წინააღმდეგი იყო. ამიტომაც მე დამჭირდა წელიწადზე მეტი იმისთვის, რომ 2015 წლის თებერვალში რეფორმა წარმედგინა მთავრობის წინაშე. მთავრობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მას და ის გაიგზავნა პარლამენტში. ამასობაში არჩეულ იქნა ახალი ხელმძღვანელი − ქალბატონი  ნინო გვენეტაძე. მან მთხოვა, რომ ამ რეფორმაში ჩამატებულიყო მისი იდეები. აღმოჩნდა, რომ ამ იდეებს თქვენ არ იზიარებთ; ეს არის მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნა იუსტიციის საბჭოში, ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა და ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმება. ეს იყო მისი თხოვნები, იდეები. ყველა ეს იდეა ჩემ მიერ იქნა რეფორმაში დამატებული. ჩემი ეს საქციელი − რომ გავიზიარე ხელმძღვანელის ყველა იდეა − თითოეული თქვენგანის მიერ იქნა გაპროტესტებული. თქვენ არ მოგეწონათ ის, რომ მე გავიზიარე ქალბატონი ნინოს ყველა იდეა. აღმოჩნდა, რომ სასამართლოში არსებობდა ამ იდეებთან დაკავშირებით ფუნდამენტური აზრთა სხვადასხვაობა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, წინა პრემიერის ხელმძღვანელობის პირობებში, მოხდა შეთანხმება, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ავტორი, იუსტიციის მინისტრი, შეხვედროდა მოსამართლეებს:

„შევთანხმდით,  რომ მე, როგორც ავტორი ამ რეფორმის, შეგხვედროდით თქვენ და მომესმინა თქვენი პროტესტისთვის. ყველას გვახსოვს ეს შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში და მე ვფიქრობ, რომ ის იყო ნაყოფიერი შეხვედრა იმისთვის, რომ მე თქვენ დამერწმუნებინეთ იმაში, რისთვისაც ვიბრძვით უკვე მეოთხე წელია. რეფორმის მიზანი არის ის, რომ თქვენ − ინდივიდუალური მოსამართლეები, იყოთ დამოუკიდებლები, იყოთ მხარეებთან მიმართებით დამოუკიდებლები და გქონდეთ ის ცოდნა, რომ საქმეები გადაწყვიტოთ პროფესიონალურად. ჩვენ არ გვაქვს სხვა მიზანი. ვერცერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მათ პირადად იცნობს ან აკონტროლებს. ამის თქმა, უბრალოდ, შეუძლებელია. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ ავიღოთ ქვეყნის იუსტიციის მინისტრისადმი − ეს გახლავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არცერთი მოსამართლე დღეს იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა; ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“.  

თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ეტაპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ რეფორმის დამსახურება იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია მოხდა.

„მე მიხარია, როდესაც თქვენ მოგწონთ რეფორმის პირველი ტალღა. ამ ტალღის დამსახურება იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გათავისუფლდა პოლიტიკისგან.  ყოველთვის, როდესაც ჩაკეტილი სისტემა თავისუფლდება, ჩვენ ვხდებით მოწმეები მწვავე მოვლენებისა და დებატებისა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მალე ჩაივლის. ასევე, მიხარია, რომ თქვენ მოგწონთ რეფორმის მომდევნო ტალღები, ისეთი, როგორიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღება და, პრინციპში, არც დიდი პროტესტი არ მსმენია თქვენგან იმ რევოლუციური რეფორმისადმი, რომელიც ჩვენ ერთად დავგეგმეთ. ეს  არის მოსამართლეთა შეფასების სისტემა გამოსაცდელი პერიოდისას. ეს ყველაფერი არის გაკეთებული, მაგრამ ეს არ კმარა. მესამე ტალღა რეფორმის უნდა მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და მისი გატანა პარლამენტიდან არ მოხდება. ჩვენ ამ რეფორმას პარლამენტიდან არ გავიტანთ. ამიტომაც მე მაინტერესებს დღეს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ − როგორც ეს მესამე ტალღის რეფორმაშია მოცემული − მოსამართლეთა შერჩევის წესები და გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეები ისე, რომ რაიონული თუ სხვა სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროსავით; რომ სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით, რადგან სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტრო“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, სასამართლო სისტემას სჭირდება დამოუკიდებელი და ინსტიტუციური მექანიზმებით დაცული მოსამართლე.

„იცით, რომ წარსულის საქმეებზე მე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი მაქვს და ამ საქმეებთან დაკავშირებით მე აზრს არ და ვერ შევიცვლი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთად ვიაროთ მომავლისკენ. მომავალში მე არ მინდა, განმეორდეს მსგავსი საქმეები; მომავალში მე არ მინდა, მინისტრის ცვლილებისას თქვენ ისევ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც აღარ იქნებით დამოუკიდებლები, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრები, რომლებიც თქვენ არ გაკონტროლებენ, არამედ გვჭირდება ინსტიტუციურად და კანონით გამყარებული მოსამართლე. მართლაც, არ არის კარგი, როდესაც ჩვენ ვართ მოწვეული, მოვედით და არ გვხვდება საბჭოს ხელმძღვანელი. იქნებ მომავალში უკეთესად გავუკეთოთ ორგანიზება ასეთ ტიპის შეხვედრებს, რათა ჩვენ მასთან (საბჭოს ხელმძღვანელთან) ერთად − და ის მხარს უჭერს რეფორმას − ამ რეფორმის გზაზე ვიაროთ ერთად. თუ თქვენ მხარს არ უჭერთ რეფორმას, ჩვენ ამ რეფორმას მაინც გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ასე ჯობს მომავლისათვის“, − განაცხადა მინისტრმა.  

თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უწყება ღიაა დიალოგისთვის. ამის დასტურად მინისტრმა მოსამართლეებთან 2015 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრაც გაიხსენა. გასული წლის 19 ოქტომბრის შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მოსამართლეები, ვინც უკვე 10 წელი იმსახურა, კონკურსს ჩვეულებრივ გაივლიან, პრობაცია კი მათ აღარ შეეხებათ.

„ჩვენ ვართ ღია, და მე ეს გაჩვენეთ კიდეც ჩვენი შეხვედრისას. ერთ მაგალითს მოვიყვან. თქვენ, ვენეციის კომისიას, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა − ეს ეხება მოსამართლეებისთვის − რომლებიც მალე ამთავრებენ თავიანთ ვადას − გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს, რომ პრობაცია გაუქმდეს მათთვის, ვინც 10 წელი უკვე იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ისინი მოსამართლეებად, მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ და ეს მითხარით, როცა იყავით მობრძანებულები სამინისტროში შეხვედრაზე. ვენეციის კომისიასაც არ მოსწონს ჩემი ეს პოზიცია და სულ ახლახან ევროპარლამენტმაც თქვა, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე. შესაბამისად, მე ვიხევ უკან − და ეს გითხარით − ამ ერთ ნაწილში, მაგრამ სხვა  ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს. დიახ, მე ვუჯერებ ევროპარლამენტს და ვენეციის კომისიას და ეს გითხარით, რომ პრობაცია გაუქმდება მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა, მაგრამ საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა ჩვენს სისტემაში; სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას უფრო დემოკრატიულს გახდის და ინდივიდუალური მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. აი, აქ დახევა არ იქნება არცერთი ნაბიჯით. ამ ყველაფერზე მაინტერესებს თქვენი აზრი − კი თუ არა, მოგვყვებით თუ არა ჩვენ რეფორმის გზაზე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის?!.“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონფერენცია „სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ 2 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.