იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა

თარიღი: 22 დეკემბერი 2015
იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, რომელიც დუისის, კაბლისა და სართიჭალის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით ხორციელდებოდა, დასრულდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობდა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, აგრეთვე, პროგრამის 60-მდე ბენეფიციარი.
 
ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენა, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.
 
პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის.
 
ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელები თბილისს დილით ეწვივნენ. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიამდე მათ იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. ახალგაზრდებისათვის სპეციალური ტურიც მოეწყო, რომლის დროსაც ისინი სერვისების გაცემის  პროცესს აკვირდებოდნენ.
 
ქართული ენის კურსი დუისის, სართიჭალისა და ფოკის მოსახლეობისათვის პირველად მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ენა 40-მდე მსურველმა შეისწავლა. პროექტისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, დეკემბერში კიდევ ერთი კურსი განხორციელდა, რომელშიც უკვე საქართველოს სამოცამდე   მოქალაქე იყო ჩართული.
 
იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.