სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

თარიღი: 15 დეკემბერი 2015
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. საბუთებისა და განაცხადების მიღება 2016 წლის 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში, რის შემდეგაც გასაუბრება გაიმართება. კომისია კონკურსის მონაწილეთაგან სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. სამკაციანი სია საქართველოს მთავრობას 2016 წლის 15 აპრილამდე წარედგინება; მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ კი კანდიდატურები ევროპის საბჭოს მრჩეველთა საკონსულტაციო კოლეგიას 2016 წლის 26 მაისამდე წარედგინება.

ასამბლეა ახალ მოსამართლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს. საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს უფლებამოსილების 9-წლიანი ვადა 2017 წლის 1-ლ იანვარს გასდის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო განაცხადის შევსება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოიძიონ ვებგვერდებზე: www.hr.gov.ge და www.jobs.ge