საქართველოში კადასტრის განვითარების მიზნით საჯარო რეესტრის კანონის რეფორმა იწყება

თარიღი: 11 დეკემბერი 2015
საქართველოს მთავრობამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ერთი მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში, ასევე, მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად მართოს და მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, რაც საგრძნობლად წაადგება სოფლის მეურნეობის განვითარებას. სახელმწიფო მიწების რეგისტრაცია, ასევე, ხელს შეუწყობ სარსებული ბუნებრივი რესურსების ბაზისა დადაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.

ცვლილებების თანახმად,  შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს მხრიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებისა და ამავე ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის ერთობლივად რეგისტრაცია. უძრავ ნივთზე აკრძალვა რეგისტრირდება საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ ერთი წლის ვადით. აკრძალვის რეგისტრაციიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ წარმოეშობა სახელმწიფოსუფლება, მოითხოვოს აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაცია.

აკრძალვის ძალაში ყოფნის პერიოდში დაინტერესებულ პირს შეუძლია, განცხადებით მიმართოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, წარუდგინოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს შესაბამის უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს თანხმობის გარეშე და განახორციელოს მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.