იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა

თარიღი: 10 დეკემბერი 2015
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ადამიანის უფლებები და ამ სფეროში ქვეყანაში არსებული ვითარება იყო.

საჯარო ლექციაზე თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის  კუთხით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი სასამართლოს, შრომის უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში წინგადადგმულ ნაბიჯებზე. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველად შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც ქვეყანაში შექმნა მყარი სამართლებრივი ბაზა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი დაწესდა.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვ. დეკლარაციამ  ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა  საფუძველი.