„სამართალი და ადამიანის უფლებები“ − იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით

თარიღი: 10 დეკემბერი 2015
ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 10-11 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ გამართავს ორდღიან უფასო ტრენინგს სახელწოდებით „სამართალი და ადამიანის უფლებები“.

ტრენინგი ემსახურება საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას და მას  ჩაატარებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ „კლინიკის“ მონაწილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტები.

ტრენინგს დაესწრება არაიურიდიული განათლების მქონე 150 დაინტერესებული პირი და დამამთავრებელი კლასის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 22 მოსწავლე. ტრენინგის მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება სამართლის, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროებში, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს „კლინიკის“ მონაწილე სტუდენტების ტრენერული უნარების გაუმჯობესებას, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერთა მომავალი ბაზის ფორმირებას.  

კურსის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნობიან სამართლის საფუძველებს, მის შინაარსსა და ძირითად მახასიათებლებს; მიიღებენ საბაზისო ცოდნას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. ტრენირების პროცესში მსმენელთა აქტიური ჩართულობით განხილული იქნება სამართლის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთკავშირი, მათი ურთიერთგავლენა და ის კრიტერიუმები, რომლებსაც თითოეული მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.

ტრენინგის გავლის შედეგად  მათ ეცოდინებათ საქართველოს კონსიტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არსი და დანიშნულება; უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო  მექანიზმები. კურსის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.