თეა წულუკიანი: „ძალადობისგან ქალების დასაცავად მხოლოდ კარგი კანონები არ კმარა“

თარიღი: 09 დეკემბერი 2015
დღეს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც, კარგი კანონები აქვს იმისათვის, რომ აღკვეთოს ქალთა მიმართ ძალადობა, თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და ამ კანონების პრაქტიკული განხორციელება უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბულში გლობალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებს ეძღვნება.
 
იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და კანონმდებლობისა და პოლიტიკის დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ და ამ კუთხით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთაც სათავეში იუსტიციის სამინისტრო უდგას.  
 
მინისტრის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ეს შეხვედრა სტამბულში ტარდება, ქალაქში, სადაც 4 წლის წინ ქალთა უფლებების დასაცავად ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს − სტამბულის კონვენციას.
 
„ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. სწორედ ამჟამად ჩვენ პირველად ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა 7-წლიან სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ამას გარდა, საქართველოს უკვე აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა. ამაყი ვარ იმით, რომ სტამბულის კონვენციას ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ იაგლანდთან, ერთად გასულ წელს მოვაწერე ხელი. ჩვენ მალე ამ კონვენციის რატიფიცირებას მოვახდენთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ კონვენციის რატიფიცირება; ეს იქნება 20 კანონში ცვლილებათა პაკეტის დამტკიცებაც, რითაც კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ ეროვნულ კანონმდებლობას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.  

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს კარგი კანონები იმისათვის, რომ ქალთა უფლებები იქნეს სათანადოდ დაცული, თუმცა, ახლა უკვე მთავარი ამ კანონების იმპლემენტაციაა.
 
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებისადმი მიძღვნილი სტამბულის გლობალური კონფერენცია დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. კონფერენცია ორგანიზებულია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, გაერო-ს  მოსახლეობის ფონდისა და თურქეთის მთავრობის მიერ. კონფერენცია თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. კონფერენციას მსოფლიოს 50 ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება.