იუსტიციის მინისტრმა ოჯახში ძალადობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისაუბრა

თარიღი: 04 დეკემბერი 2015
თელავის იუსტიციის სახლში თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი განიხილა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ თელავიდან, გურჯაანიდან, საგარეჯოდან, ყვარლიდან, ახმეტიდან, პანკისის ხეობიდან. მათ შორის იყვნენ როგორც რეგიონული, ისე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების  (რეგიონული განვითარების ფონდი; პანკისის ხეობის ქალთა საბჭო; ქალთა ასოციაცია; გენდერული თანასწორობის კლუბი; თემი ვარდისუბნის, ნადიკვრის; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასოციაცია „ვეჯინი“; ომბუდსმენის ოფისი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის; ფონდი „ახალი სიცოცხლე“; „ქალთა უფლებების დაცვა“; „თანადგომა“; კახეთის სამოქალაქო ლიგა; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია) წარმომადგენლები.

იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად აუხსნა, თუ რა სიახლეებს ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თეა წულუკიანმა განსაკუთრებული ყურადღება ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლისა მოწმის დაცვის მექანიზმებზე გაამახვილა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი ძალადობისაგან დაცული ადამიანი და საზოგადოებაა.

თეა წულუკიანი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიებსა და კონსულტაციებს მიმდინარე წლის აგვისტოდან მართავს. შეხვედრების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ გზით დანაშაულის პრევენცია. ძალადობის მსხვერპლს ხშირად არ აქვს ინფორმაცია,  როგორ დაიცვას თავი მოძალადისაგან, რა სანქციები ემუქრება მას და რა დახმარებას უწევს სახელმწიფო დაზარალებულს, რაც შეუძლებელს ხდის მისი უფლებების დაცვას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი. სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია მორიგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე.
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.
 
აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტურს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ქალი დაცული იქნება არათუ ოჯახურ სივრცეში, ოჯახის მიღმაც. კერძოდ, თუკი დღევანდელი რედაქციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც.
 
უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის შეზღუდვის დროებითი ღონისძიება, რომელიც „შემაკავებელი ორდერის“ სახელწოდებით არის ცნობილი. თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში. ეს ცვლილება, იუსტიციის სამინისტროს აზრით, გააძლიერებს პოლიციას ამგვარი ტიპის ძალადობასთან ბრძოლაში და შემაკავებელი ორდერი უმოკლეს დროში შედეგის მომტანი გახდება.
 
ძალადობის მსხვერპლი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.  სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.
 
ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი დანაშაულის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით,  ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის  მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით,  ეს დათქმა მხოლოდ  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან მიმართებით არსებობს.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია ან აქვს ვალდებულება,  სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმაც ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედებს და მხოლოდ ოჯახურ დანაშაულზე აღარ გავრცელდება.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა; ასევე, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს პრევენცია, გამოიძიოს და აღმოფხვრას ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და, ზოგადად, ოჯახში ძალადობა; ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის ცხოვრებაში გატარებას.
 
სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც  ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი დაეგზავნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრებს, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს. ყველას მიეცა ერთი თვე კომენტარების მოსაწოდებლად. შემოსული კომენტარების დიდი ნაწილი აისახება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.