თეა წულუკიანი: „პარლამენტის კარი ქალებისთვის ჭუჭრუტანის ზომისაა და ეს კარი უნდა გავაღოთ“

თარიღი: 02 დეკემბერი 2015
თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს − თემურ ჭკუასელსა და ნანა ყეინიშვილს, ეკუთვნით.

თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის, როგორც იუსტიციის მინისტრი, მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტში ქალთა მეტ წარმომადგენლობას. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს დემოგრაფიული ვითარება ისეთია, რომ ქალები საზოგადოებაში უმრავლესობაში არიან.

„პირველი რესპუბლიკის დროს ხუთი დეპუტატი ქალი გვყავდა და ეს ტრადიცია უნდა გაუმჯობესდეს. მართალია, პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს 9 ქალი იყო და დღეს 15-ია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მოვლენებს სხვადასხვანაირად ვუყურებთ, რადგან სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ვართ და გვინდა, რომ სრულფასოვანი პარლამენტი გვქონდეს. სამწუხაროდ, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ დღეს სრულფასოვანი პარლამენტი არ გვყავს. ასე იყო მისი წინაც“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების ახალ ვარიანტს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში, სულ მცირე, განსხვავებული სქესის 23 პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.