იუსტიციის მინისტრი: „გამომძიებლის წინაშე მოწმის დაკითხვა ნებაყოფლობითი გახდება“

თარიღი: 30 ნოემბერი 2015
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონმდებლობა და სისტემა ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს.  მისი თქმით, მოწმის დაკითხვის ის წესი, რომელიც პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს, საზოგადოებას დანაშაულისგან ვეღარ დაიცავს, რადგან დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემები მზად არ არიან იმისათვის, რომ პირველ იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მისი დაკითხვა.

„ამისთვის არც სასამართლო სისტემა, რომელსაც, ქალბატონი ნინოს გათვლებით, სჭირდება 7-იდან 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, და არც სამართალდამცავი ორგანოები მზად არ არიან. აგრეთვე, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას  იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში. სხვათა შორის, ეს არგუმენტი იყო, როდესაც, თავის დროზე, რამდენჯერმე, ამ წესის ძალაში შესვლა გადაიდო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, მთავრობა არ სთავაზობს ამ წესის ძალაში შესვლის მეტად გადავადებას, რადგან ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
„ჩვენ ვთავაზობთ  სასამართლოს სისტემასთან, პროკურატურასთან, შსს-თან, სუს-თან კომპრომისების გზით შეჯერებულ მოდელს, რომელიც მთლიანად ნებაყოფლობითს გახდის მოწმის დაკითხვას გამომძიებელთან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოწმე არ დათანხმდება გამომძიებელთან დაკითხვას, შესაძლებელი იყოს ამ საგამოძიებო ქმედების სასამართლო დარბაზში გადატანა, სადაც დაკითხვას დაესწრება მაგისტრატი მოსამართლე, ასეთი დაკითხვა უკვე არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო იქნება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი გარდამავალი მოდელის პირობებშიც კი სასამართლო სისტემას აქვს კითხვები და მათ სჭირდებათ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია, რათა დაამატონ მაგისტრატი მოსამართლეები, მოწმეთა დაკითხვისთვის ააშენონ ახალი დარბაზები და ა.შ.

„ეს მოდელიც კი, რაც ჩვენ შემოგვაქვს, არის პრობლემატური, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.  ჩვენ უნდა ვიაროთ ადამიანის უფლებების დაცვის გზით და მოწმის დაკითხვა საქართველოში გამომძიებლის წინაშე ერთხელ და სამუდამოდ გახდება ნებაყოფლობითი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განმარტა დაკითხვის დროს დაცვის მხარის დასწრების საკითხიც. „მოწმეს, რომელიც დაიკითხება სავალდებულო წესით არა გამომძიებლის, არამედ მოსამართლის წინაშე, რა თქმა უნდა, ეყოლება ადვოკატი; მაგრამ ბრალდებული არ დაესწრება ამ დაკითხვას, რადგან ეს გახლავთ გამომძიებლის და პროკურორის სამუშაო; როდესაც ის საკუთარ მოწმეებს ეძებს და აკითხვინებს მოსამართლეს, ადვოკატი თავად ეძებს მოწმეებს და გამოკითხავს მათ, და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით არ არის სავალდებულო, მათ შორის, არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, რომ ასეთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელსაც მხარე ატარებს, ესწრებოდეს მეორე მხარე. მაგრამ მოწმეს, რა თქმა უნდა, ეყოლება ადვოკატი როგორც გამომძიებლის, ისე მოსამართლის წინაშე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მთავრობას ოთხი უწყების მიერ მომზადებული მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის ახალი წესი გასულ კვირას წარუდგინა.

საკანონმდებლო ინიციატივაზე ოთხი სამთავრობო უწყება − იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერთობლივად მუშაობდა. პროექტის შემუშავებაში, ასევე, ჩართული იყვნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები. ამასთან, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების, ადვოკატებისა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.

კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი ხდება: მას ვერავინ აიძულებს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს, ან მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი ფუძემდებლური სტანდარტია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ წესის საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში შემოტანის შესახებ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ.

თუმცა, მოწმის მიერ ნებაყოფლობით მიცემული ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და განზრახ არ შეჰყავდეს გამოძიება შეცდომაში. იმ შემთხვევებში, თუ მოწმე უარს იტყვის ნებაყოფლობითი გამოკითხვის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს ექნება უფლება, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე უკვე სავალდებულო წესით დაკითხოს იგივე პირი. მოწმის დაკითხვის ასეთი წესი, ერთი მხრივ, გამორიცხავს მოწმეზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებას, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს გამოძიებას, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა ხელი არ შეეშალოს საგამოძიებო პროცესს.

პირის მოწმედ დასაკითხად მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი ან გამომძიებელი.

შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე; დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, მოწმის დაკითხვა ხდება  მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომისას  დაწყებული დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის.

დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, ვინაიდან ეს არ არის საქმის განხილვის ეტაპი, რეალურად საქმე გვაქვს საგამოძიებო მოქმედების − მოწმის დაკითხვის − სასამართლო დარბაზში გადატანასთან, რაც მოწმის დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა. თუმცა, დაცვის მხარეს აუცილებლად მიუწვდება ხელი ამგვარი დაკითხვის ოქმზე. უფრო მეტიც, მას წინასასამართლო სხდომაზე შეუძლია, მოითხოვოს ამ ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, საქმის არსებითი განხილვისას კი უფლება აქვს, ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე და გამოავლინოს შეუსაბამობები მის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის. ამ მიზნით მხარეს შეუძლია, მოითხოვოს მოწმის მიერ მაგისტრატი მოსამართლისათვის მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა ისე, რომ არ დასჭირდეს იმის მტკიცება, რომ ეს ჩვენება მუქარის ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ეს წესი კანონპროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და სრულად იცავს დაცვის მხარის უფლებებს.

ამით ხდება ეუთო-ს  2014 წლის „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში“ ასახული რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის თანახმადაც, მხარეს მოწმის ჩვენებების გასაჯაროებისა და მათ შორის არსებითი წინააღმდეგობის სადემონსტრაციოდ არ უნდა დასჭირდეს მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. მოწმის დაკითხვის ამ წესის შემოღება სამართალდამცავ ორგანოთა გადამზადების გააქტიურებას მოითხოვს.

მოცემულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უკვე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივად იქცა, საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა  წარადგენენ.