იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სასამართლო რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა

თარიღი: 24 სექტემბერი 2015
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს.
 
თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალმა მთავრობამ რეფორმების რამდენიმე ტალღა განახორციელა.

„პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო იუსტიციის საბჭოს დეპოლიტიზაცია, რითაც უზრუნველვყავით ის, რომ პოლიტიკა აღარ არის ჩართული ამ ორგანოს საქმიანობაში და დავიწყეთ. პირველი ნაბიჯი გადავდგით იმ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რასაც ჰქვია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა; ისეთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა, რომელიც რომელიმე პირზე და პირებზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ  არსებობს სისტემა, რომელიც ვერ იქნება შეცვლილი რომელიმე სხვა მთავრობის მიერ, რადგან სისტემა არის აწყობილი, ფუნქციონირებს, არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი პოლიტიკისგან. ეს არის მთავრობის მიზანი, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები და ისეთი ინსტიტუტები დატოვოს, რომ წავა ხელისუფლებიდან, რომელთაც ვერ გადააკეთებს რომელიმე დროს შემთხვევით ხელისუფლებაში მოხვედრილი ცუდი მთავრობა, თუკი ასეთი კიდევ ოდესმე მოხდა ჩვენი ისტორიის მანძილზე, როგორც ეს მოხდა 2003 წელს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა ხედვები იყო უმრავლესობაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ ე. წ. გირგვლიანის მოსამართლეები, მიშას მოსამართლეები, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვესვა ციხეში; მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას, პოლიტიკას გარდაქმნის, ნაბიჯ-ნაბიჯ  რეფორმირების და მოსამართლეებისათვის კარგი კანონების მიცემის იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა შემდეგ გაგრძელდა და ამ ბრძოლაში მოყვა არაერთი მოსამართლე, რომელიც არ უნდა მოყოლილიყო ბრძოლაში“, და დასძინა, რომ უსამართლო ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, „რომელსაც, გვახსოვს, ეს ვითომრეფორმატორები როგორ მოექცნენ“.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, „ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა. რეფორმის სწორი გზა არის კანონებით რეფორმა, ერთი მხრივ, და უფლებამოსილებების განუახლებლობა იმ მოსამართლეებისთვის, რომლებმაც თავი ვერ წარმოაჩინეს წარსულში თავისუფალ მოსამართლეებად“.

იუსტიციის მინისტრმა მოსამართლე ირაკლი ადეიშვილისთვის  უფლებამოსილების განუახლებლობაზეც ისაუბრა: „ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა მოვლენილი წინა ხელისუფლების მიერ და ამტკიცებდა − სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეებზე ძალადობის პოლიტიკა: მათ, უბრალოდ, უნდა მივცეთ საშუალება, დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ ნუ ოცნებობს იმაზე, რომ ისინი გადაინიშნებიან“.  

თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარის დაპირება მოსამართლეებისადმი, და, მათ შორის, გირგვლიანის საქმის მოსამართლეებისადმი, რომ ისინი გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ,  დაპირებად დარჩება. „დაასრულონ ამ მოსამართლეებმა ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან სამუდამოდ ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტლები, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, სასამართლო რეფორმა არ არის რთულ, განყენებულ სამართლებრივ ნორმებზე მსჯელობა. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება: „მე მინდა, აი, ამ შესავლის სახით ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც გვისმენს არა მარტო თბილისში, არამედ სოფლადაც, ვუთხრათ, რომ ჩვენ რაღაც რთულ სამართლებრივ ნორმებზე კი არ ვმსჯელობთ. არამედ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ავაწყოთ სასამართლო“.

თეა წულუკიანმა ისაუბრა მართლმსაჯულების პირველ, მეორე და მესამე ტალღაზე. „პირველი ტალღა იყო დეპოლიტიზაცია; მეორე ტალღა იყო შეფასების კრიტერიუმების შემოტანა კანონით. ამაზეც ბევრმა გაგვაკრიტიკა ქვეყნის გარეთ, მაგრამ მთავარია, რას ვფიქრობთ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით ჩვენ ვფიქრობთ, რომ, დიახ, მოსამართლე, სანამ სამუდამოდ დაინიშნება, სამი წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს, შეფასდეს არა გარეშე პირის მიერ, არამედ მიუკერძოებელი და დეპოლიტიზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ; მესამე ტალღა იყო რევოლუციური პროექტი და კიდევ ერთხელ მრავალი მადლობა პარლამენტს, რომ მხარი დამიჭირეთ, შემოვიღეთ ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და აღარცერთი მთავრობის ხელში აღარ იქნება შესაძლებელი − იმიტომ, რომ ეს კოდექსი და ინსტიტუტი არსებობს − რომ რომელიმე ბავშვი − იმიტომ, რომ მურაბა მოიპარა, მრავალი წლით ჩაჯდეს ციხეში“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ რეფორმის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის კანონპროექტია, რომელიც დღეს წარადგინა ადამიანის უფლებათა კომიტეტში.