იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 30 მარტი 2015
იუსტიციის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თეა წულუკიანმა და ლევან ყიფიანმა დოკუმენტს იუსტიციის სამინისტროში 30 მარტს მოაწერეს ხელი.

ორი სამინისტროს თანამშრომლობის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
ამ მიზნით დაიგეგმება წარმატებული სპორტსმენების ვიზიტები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ საზოგადოებრივ ცენტრებში, რომლებიც საქართველოს უკვე 20 სოფელში ფუნქციონირებენ.

განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიება კონფლიქტის საზღვრისპირა სოფლებში მშვიდობის მშენებლობისთვის; ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციის პროგრამებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში. ამისათვის სამინისტროები და მათი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის სისტემას გამოიყენებენ. იგეგმება პრევენციის, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის/რეაბილიტაციისა და განრიდება-მედიაციის პროგრამებისათვის სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სპორტული აქტივობების, ბანაკების, სემინარების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში თანამშრომლობაც.

გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეძლებს, ისარგებლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაცული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრისა და სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, მათ შორის: უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემებით, ორთოფოტოსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად შექმნილი მონაცემებით.

მემორანდუმი იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.