კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია ქართულ რეფორმებს ეცნობა

თარიღი: 30 მარტი 2015
30 მარტს იუსტიციის სამინისტრომ კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები. 17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, დელეგაციის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს:

„მე ვფიქრობ, ეს ვიზიტი ორმხრივად სასარგებლო იქნება, ამგვარი თანამშრომლობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის დანერგვას უწყობს ხელს; ეხმარება ინოვაციური იდეების ფორმირებას; გვაძლევს შესაძლებლობას, ვიქონიოთ მეტი ინფორმაცია, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ სფეროში სხვა სახელმწიფოებში“.

საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებმა (ICF) მისცეს. დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. იუსტიციის სამინისტროს გარდა, მისი წევრები იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვევიან.

შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციაში.

კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.