იუსტიციის მინისტრი სამართლის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
თარიღი: 23 თებერვალი 2015

სამართლის გლობალური სამიტი ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა, რომელზეც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ბიზნესისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობენ. დისკუსია თემატურ სესიებზე გაიმართება, რომლებიც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს ეხება.
სამიტის თემატიკა მრავალფეროვანია: სავაჭრო და საინვესტიციო ბაზრის სამართლებრივი მხარეები, კონკურენცია და სამართლებრივი დავა ბიზნესში, ეკონომიკური დანაშაულის სპეციფიკა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, სწრაფი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისათვის, კანონის უზენაესობა ბიზნესში, საერთაშორისო ბიზნესდავები, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაცულობის საკითხები, შრომითი უფლებები − დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება ბიზნესში და სხვ.
სამიტი 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვლამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ბრიტანეთში შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუგსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან.