იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
თარიღი: 12 თებერვალი 2015
თეა წულუკიანმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ამ რეგიონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ამასთან, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია, ზოგადად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.