პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე საჯარო დისკუსია დაიწყო

თარიღი: 27 დეკემბერი 2014
27 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტში“ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, დისკუსიაში მონაწილეობის მიღების საშუალება არამარტო საბჭოს წევრებს, არამედ საკითხით დაინტერესებულ ყველა სფეროს წარმომადგენლებს მიეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია იუსტიციის მინისტრმა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, გახსნა.
 
სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც პროკურატურის რეფორმის მიმართულებებზე იმსჯელებს.

პროკურატურის რეფორმირების დავალება თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაგან მიიღო. სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ახლებურად იქნება გააზრებული პროკურატურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ადგილი ხელისუფლების შტოებს შორის; მისი მუშაობის ინსტიტუციური ჩარჩო; მთავარი პროკურორის დანიშვნის, მისი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხი. ახალმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს პროკურატურის სრული შეუქცევადი დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან, მისი დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბება და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება საქართველოში.

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიზანია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორის საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან  როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.