ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება

თარიღი: 24 დეკემბერი 2014
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 24 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) მოდელირება, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 13 წარმატებული სტუდენტი მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომის მოდელირებაში, რომლის ფარგლებშიც მათ წარადგინეს საბჭოს წევრ უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები, განიხილეს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ჩარჩო, შეთანხმდნენ სხვადასხვა ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე და განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობისა და ანტიკორუფციული PR სტრატეგია.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები.

პროექტის განხორციელებაში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მხარს უჭერდა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიურო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.